четверг, 7 мая 2009 г.

ჩემი საცხოვრებელი ადგილი

  ჩემი საცხოვრებელი ადგილი

         ადგილმდებარეობა

  გორის რაიონი სოფელი ზერტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 830მ. რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 17კმ, ხოლო დედაქალაქიდან 77კმ, მეჯვრისხევის თემის საკრებულოდან 5კმ-ით.

   
  რელიეფი

რელიეფი _ ვაკე, დაუნაწევრებელი. სოფლის რელიეფზე ადამიანის ზეგავლენა მისი სამეურნეო საქმიანობით გამოიხატება, რაც ჩანს მის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მშენებლობით.
  ჰავა

ჰავა გარდამავალია. ზომიერად თბილი -სტეპურიდან ზომიერად ნოტ. იანვრის საშ. ტემპერატურა -0 გრადუსიდან -1,9 გრადუსამდე. ივლისის საშუალო ტემპერატურა +22-25გრადუსია.
ნალექების საშუალო რაოდენობა 550-600მმ.
ნალექების გარკვეული რაოდენობა თოვლის სახით მოდის. 

ბუნებრივი რესურსები

სოფელში გავრცელებულია ყავისფერი და წაბლა ნიადაგები. მასზე გაშენებულია ვენახი, ხეხილის ბაღები და მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები. სოფელი იყენებს ბუნებრივ ინერტულ საამშენებლო მასალას.


მდინარეები

სოფლის აღმოსავლეთით მოედინება მდინარე ბერშოულა, რომელსაც იყენებენ სარწყავად. დასავლეთით მოედინება მდინარე მეჯუდა.
სოფელი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. გაკეთებულია რამდენიმე არტეზიული ჭა.


ფლორა და ფაუნა

ჩვენს სოფელში სასურველი პირობებია შექმნილი კულტურულ მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის. გავრცელებულია მრავალი მარცვლოვანი, პარკოსანი და ბოსტნეული მცენარეები.
მარცვლოვანი კულტურული მცენარეებიდან ძირითადად მოჰყავთ: ხორბალი, სიმინდი და ქერი. სოფლის ძირითადი სახნავ-სათესი ფართობი ამ კულტურებითაა დაკავებული.
მარცვლოვნებიდან ჩვენი სოფლის პირობებში გვხვდება სხვადასხვა სარეველა მცენარეები: ფართოდაა გავრცელებული ჭანგა, მისი გაწყვეტა საკმაოდ ძნელია, რადგანაც იგი ივითარებს ფესურას, რომლითაც აღნიშნული მცენარე არახელსაყრელ პირობებშიც კარგად მრავლდება.
საკვები ბალახებიდან უფრო მეტად გავრცელებულია: კოინდარი, ტიმოთელა, სამყურა სხვადასხვა სახეობის, იონჯა, ესპარცეტი და სხვა.
მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ადამიანებს საშუალება მისცა განესხვავებინათ მცენარეები ერთმანეთისაგან სამკურნალო თვისებების მიხედვით. ჩვენი სოფლის პირობებში სამკურნალო მცენარეებიდან უფრო მეტად გვხვდება: ბაბუაწვერა, ასკილი, აბზინდა, ბალბა, ვარდკაჭაჭა, გვირილა, კრაზანა, მატიტელა, მაყვალი,  
ჩვენი სოფლის ნიადაგური პირობები ხელსაყრელია ხეხილოვანი მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის. გავრცელებულია ვაშლის ბაღები, რომლებშიც გვხვდება მრავალი ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია: კეხურა, ბროწკი, სინაპი, სტარტი, ბანანი, გოლდენი და სხვა. ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ვაშლის ველური ჯიში, რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,ზერტულა” უწოდა.
გავრცელებულია აგრათვე მსხლის სხვადასხვა ჯიშები: გულაბი, ხეჭეჭური, კალოს მსხალი, სულიანი, ალექსანდრეს მსხალი, გულაბი, ვირგლა და სხვა.
სოფელში ბოლო ხანებში დიდ ყურადღებას აქცევენ ატმის ბაღების გაშენებას. მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშები: ხიდისთაური, კრიმჩატი, ვაშლატამა და ქართული ატამი, რომელიც შედარებით წვრილი ნაყოფით ხასიათდება.
ბოსტნეული კულტურებიდან სოფელში უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პომიდორის, კომბოსტოს , კარტოფილის, კიტრის და სხვათა მოყვანას.
სოფლის შემოგარენში ერთეული ხეების სახით გვხვდება: ფიჭვი, ნაძვი, კედარი, თელა, იფნი, ვერხვი, ალვის ხე და სხვა.
სოფელი მისდევს მესაქონლეობას. მოშენებული ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ძროხა, კამეჩი, იშვიათად თხა და ცხვარი. მისდევენ ფრინველის და ღორის მოშენებას.
სოფლის ტერიტორიაზე გვხვდება გარეული ფრინველები: მწყერი, ტოროლა, ჩხართვი, შაშვი, ყვავი, კაჭკაჭი, ქედანი, გარეული იხვი და ქათამი. ამათგან ზოგი არის მობინადრე. მაგალითად: ბეღურა, ჭოტი, ბუ. გვხვდება მავნე მღრღნელებით მკვებავი ფრინველები: ძერა, მიმინო და სხვა.
ჩვენი სოფლიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის დაშორებით გაშენებულია ტყე. იგი საკმაოდ გაღარიბებულია მცენარეთა სახეობით, ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაიჩეხა ხალხის მიერ. ამის გამო ტყეში ცხოველებიც მცირე რაოდენობითაა. ზოგჯერ სოფელშიც გამოჩდებიან ხოლმე ტყის ბინადარნი. სოფელში 
იმატა მგლების რიცხვმა, მათ რამდენიმე ცხოველიც დააზიანეს. იშვიათად გვხვდება მელიის რამდენიმე სახეობა.
 

მინდორში გვხვდება მღრღნელი მემინდვრია. იყო შემთხვევა, როცა ზამთრის პერიოდში სოფელში ტყიდან ჩამოვიდა შველი.
სოფელში თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ ძაღლი. მისი მრავალი ჯიში გვხვდება: ქოფაკი, მწევარი, მეძებარი, იშვიათად მეცხვარული ჯიშის. სოფელში ბევრია ნადირობის მოყვარულნი და ესეც არის მიზეზი სოფელში ძაღლების სიმრავლის, უფრო მეტად მეძებრის ჯიშები ჰყავთ.  

 

ისტორია

ადამიანი სოფელ ზერტის ტერიტორიაზე ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე დასახლდა.
სოფლის სახელწოდება ,,ზერტი” სავარაუდოდ უნდა მომდინარეობდეს აქაური ნიადაგების თვისებიდან- სოფელში საკმაოდ მძიმე, თითქოს ზეთით გაჯერებული მიწებია.
სოფლის საჯარო სკოლის მშენებლობისას აღმოჩენილი იქნა სამარხები, რომელიც იდენტურია ქ. მცხეთაში აღმოჩენილი სამარხებისა, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანები აქ ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან სახლობდა.
ლეგენდის თანახმად, სოფელში თამარ მეფესაც გაუვლია და შეუსვენია იმ წყაროსთან, რომელიც დღევანდელ საბავშვო ბაღის ადგილას ამოდიოდა.
თავდაპირველად სოფელი დღევანდელი საცხოვრისის აღმოსავლეთით ყოფილა. შემდეგ კი, თქმულების თანახმად, გაჩენილა შავი ჭირი და მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვეტილა. გადარჩენილი მცხოვრებნი კი აქედან უფრო დასავლეთით გადმოსახლებულან. სოფელში ამ ადგილს დღესაც ,,გაწყვეტილას” უწოდებს ხალხი.
სოფელს ზერტს დღევანდელი განახლების ფორმა XVII-XVIIIსს-თა მიჯნაზე უნდა ჰქონდეს მიღებული. ამას მოწმობს ის კულტურის ძეგლები, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილი.

კულტურის ძეგლები.

  სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე კულტურული ძეგლი. ერთ-ერთი მათგანია ღვთისმშობლის ეკლესია. არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში- თარიღდება XIX-ით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (16,5 x9,5მმ).
ნაგებია აგურით და ქვიშაქვით. ეკლესიის შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია წყვილი, განიერი, ნახევრადწრიული ორთაღედით, ინტერიერი შელესილია და მოხატულია. გადახურულია თუნუქით. ტაძარი აღდგენილია 1990-91 წწ-ში.
  ტაძარი ამჟამად მოქმედია.
აგვისტოს მოვლენების წინ ეკლესიის მრევლმა შენიშნა, რომ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს მოსდიოდათ მირონი. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლის ძალამ დაიფარა ჩვენი სოფელი რუსული აგრესიისგან.
  წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით. თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით (XVIIIს), ეკლესია დარბაზულია (11,4x7,3მმ), ნაგებია რიყის ქვით. თავის დროზე ტაძარზე დაშენებული ყოფილა საბრძოლო კოშკი, რომელიც ბოლშევიკებმა მოანგრიეს და შენობა საწყობად გადააკეთეს. ტაძარი ნაწილობრივ რესტავრირებულია.
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია 1839წ. ეკლესია დარბაზულია (11x7მმ). ნაგებია რიყის ქვით, აგურით და შირიმის ქვით. მოსახლეობის ძალისხმევით ამჟამად მიმდინარეობს რესტავრაცია.
კვირაცხოვლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას ასევე სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში თავის დროზე ტაძარი ნაგები იყო რიყის ქვით. აგების თარიღი უცნობია. დროთა განმავლობაში ტაძარი დაინგრა. ამჟამად მის ადგილზე იმავე სახელობის ტაძარი ააგო შოთა ტერუნაშვილის ოჯახმა.
 

  სოფლის დღესასწაულები და ადათ-წესები

დღესასწაულებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ,,ღვთისმშობლობა”, რომელსაც მთელი სოფელი აღნიშნავს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს.
ნიშობა, რომელიც იმართება აღდგომის წინა შაბათ დღეს. მას გამორჩეულად აღნიშნავს თოდაძეების და ტიელიძეების გვარი.
სოფელ ზერტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზედმეტი (შერქმეული) სახელები. მაგალითად: ქონიანაანი, კიჭაანი, ნიორაანი, მწარეეანი, ძაბუნაანი, მჭედლიანი, კოხიაანი, გარეგიაანი, კვინტილაანი და სხვა მრავალი.

  ხალხური რეწვა
  სოფელში ამჟამად ფუნქციონირებს სამჭედლო, რომელშიც მჭედელი ომარ აკოფაშვილი დიდი რუდუნებით აკეთებს სასოფლო- სამეურნეო იარაღებს.
სოფელში სამჭედლო საქმეს მისდევდნენ მაზანაშვილები დღესაც მათ მჭედლიაანთს ეძახიან.
ტიელიძე გივი ისევ ასხამს თასმიან ქალამნებს.
მაზანაშვილი დავითი წნავს ლასტებს, ხახლებს, გოდრებს.
არიან ხის დამამუშავებელი ოსტატებიც. მათი ნამუშევარი გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ესენი არიან მირაზანაშვილი ვახტანგი, ბესიაშვილი რიჩარდი. 
  ფოლკლორი
  სოფელში ცხოვრობენ ხალხური მთქმელები-ამირან ღონენაშვილი, სარდიონ ცარიელაშვილი, რომელთა ლექსები გამოიჩევა დიდი იუმორით, ღრმა სითბოთი და სიყვარულით

  სამზარეულო
  სამზარეულო ტრადიციულად ქართლულია, მაგრამ ორიგინალობით გამოირჩევა- ზერტული ნივრის და ჯონჯლის მწნილი. ასევე თონის ნამცხვარი (ნაზუქი), თხილის შეჭამადი.

შობის დღეებში თონეში ცხვებოდა მზის ღვთაების სიმბოლო ე.წ. ბასილა. ამასთან ერთად ცხვებოდა საქორწინო გოგო-ბიჭის, კრუხწიწილის გამოსახულება. ყველაფერი ლაგდებოდა საცერში და სუფრაზე ინახებოდა ძველ ახალ წლამდე. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების და მზის ღვთაებებთან.

ენა-დიალექტი

დიალექტი ქართლურია ხმარებაშია ისეთი სიტყვები, რომელსაც მარტო ზერტში თუ მოკრავთ ყურს. მაგ: უარზანიკო-უცხიმო, წყალკვინტილა-მეტწყლიანი საჭმელი და სხვა.

დემოგრაფია

მოსახლეობა შეადგენს 2921 კაცს.
მოსწავლეთა რაოდენობა _517
30წ-მდე - 1652
30-დან -60 წ-მდე -716
60 წლის ზევით- 553
სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას. ყოველწლიურად იღუპება 40-43 ადამიანი.
ბოლო 8 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა შობადობა. 25-27 ახალშობილი იბადება.
2004 წელს დაიბადა მხოლოდ 16 ბავშვი. მამაკაცი უფრო მეტია, ვიდრე ქალი. შეინიშნება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიგრაცია დედაქალისაკენ.